Tags

, , , , , , , , , , , ,

აი, ეს უკვე დათო ტურაშვილის მეორე წიგნია, რომელსაც ვეცნობი. უნდა აღვნიშნო, რომ მისი წიგნები ძირითადად, მოგზაურობას ეხება და მწერალი ისე კარგად, ლაღად და მარტივად წერს. ამჟამად მე ტიბეტში ვმოგზაურობ და გზადაგზა მოსკოვსა და კატმანდუშიც შევირბინე. ამას წინათ კი ტურაშვილმა თავისი მკითხველი ამერიკაში ამოგზაურა და იქვე დასძინა, რომ ამერიკაში ყველა თავის ამერიკას აღმოაჩენს. ჰოდა, იქნებ ერთხელ მეც აღმოვაჩინო ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ამერიკა.

wignebis taoba

 „ტიბეტის“ კითხვა დავიწყე  მგზავრობისას. არ მესიამოვნა, რომ ჩემს თანამგზავრებს უკვირდათ ახალგაზრდის წიგნით ხელში დანახვა. ჩემ გარდა ავტობუსში არავინ კითხულობდა. უფრო სწორად, არავინ კითხულობდა წიგნს. იყო ერთი-ორი ადამიანი ჟურნალ-გაზეთებით, ლოცვების კრებულით, მაგრამ არავინ კითხულობდა წიგნს.

ნუთუ მხოლოდ რუსთავის მარშრუტკაში შევხვდები წიგნებში თავჩარგულ მოხუც ქალბატონებს? სად სცემენ პატივს ლიტერატურას, მწერლებს..? როგორი ცხოვრება ელის მწერალს?

და კვლავ წიგნს ვუბრუნდები…

„ჩვენ გველოდა ქალაქი, რომელიც იწყება საშინელი სუნით იმ ნაგვის, ჭუჭყისა და სიბინძურის გამო, რითიც სავსეა კატმანდუს ქუჩები. ამ ქუჩის გავლის გარეშე კი ტამელში ვერც მოხვდები.“

ამ პატარა აბზაცის რეალურად აღქმაში დამეხმარა ვაგზლის მოედნის ის ადგილი, რომელსაც ამასობაში მივუახლოვდი. სანაგვეებიდან ამოფრქვეულმა „სურნელმა,“ სიცხისგან ისედაც უკვე აუტანელ ავტობუსში შემოაღწია. თავი უკვე კატმანდუს ქუჩებში ვიგრძენი, რომელთა ბოლოს ტამელის, ტურისტებისთვის განკუთვნილი „ყველაზე სუფთა და გაკაშკაშებული უბანი“ მელოდა. (არ იგულისმება გლდანი).

მე ვერ ჩავითვლები ქართული თანამედროვე მწერლობის აქტიურ მკითხველად, თუმცა ამ ბოლო დროს დავინტერესდი და პირველი მწერალი, რომლის გაცნობაც მოვისურვე, იყო  სწორედ დათო ტურაშვილი. ალბათ, იმიტომ, რომ ის ახალგაზრდებს უყვართ და კითხულობენ მის ნაწარმოებებს.

კითვისას ვატყობ, რომ ავტორი წერისას ბევრს მუშაობს, ეძებს ინფორმაციას სხვადასხვა კულტურაზე და განსწავლულია ისტორიის დარგში. მას  ყოველ წიგნში გადმოცემული აქვს საინტერესო ისტორიული ფაქტებიც. ამის სამაგალითოდ გამოდგება ის, რომ წიგნში „ტიბეტი“ იგი მოგვითხრობს კატმანდუში ნამყოფ ქართველ მთამსვლელებზე, ასევე, მორის უილსონის ჯომოლუნგმაზე ასვლის მცდელობაზე, რომლის წაკითხვამაც ჟიულ ვერნის „კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი“ გამახსენა. გვიყვება, თუ როგორ გამოყარეს ჩინელებმა ტიბეტელები ტიბეტიდან კატმანდუში 1950 წელს და როგორ ცდილობდა მათი მეთოთხმეტე დალაი-ლამა თენზინ გიათსო ღიმილითა და მშვიდობიანი გზებით სამშობლოს დაბრუნებას. იგი თავისი წიგნებით ცდილობს რაღაც ცოდნა შესძინოს მკითხველს.

ასევე, იხსენებს მრავალ სახალისო კურიოზს თავისი ცხოვრებიდან. მგონი, საინტერესო უნდა იყოს, რატომ ვერ უშველეს ექიმებმა მას  მე-9 საავადმყოფოში და რატომ მოუწია მის მეგობარს, ლაშა ჯაიანს, მორფის შოვნა.

ეს არის წიგნი, რომელიც პირველივე გვერდიდან გაგაკვირვებს და შენს მთავარ საფიქრალს გახდის, თუ რატომ იმოგზაურა მწერალმა 2054 წელს ტიბეტში, სანამ მერვე თავს არ ჩაიკითხავ.

მწერლის მიზანი – გააცნოს მკითხველს ეს ზღაპრული ქვეყანა – მიღწეულია.