ესეც მეორე კვირა მიილია. რა მალე გავიდა, არა? თითქოს ახლახან არ დაიწყო?!

ამ კვირაში, პირველთან შედარებით, სიცოცხლე დაეტყო ჩვენს ბლოგს. მაგრამ უფრო მეტი გეგმა გვაქვს და ახლო მომავალში (იმედია, მესამე კვირაში) შევასრულებთ. მზადების პროცესში ვართ.

ეს კვირა დაიწყო იმით, რომ 14 მაისს გავესაუბრეთ 173-ე საჯარო სკოლის ბავშვებს. გავაცანით ჩვენი თავი და ვიქტორინის პირობები. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ და სკოლის შემდეგ მალევე გვესტუმრნენ ბლოგზე. მთელი კვირის განმავლობაში  გვქონდა ურთიერთობა და ვპასუხობდით მათ კითხვებს.

გამოვაცხადეთ ლიტერატურული კონკურსი, სახელად „პერსონაჟთა თანაკვეთა.“ რომელიც ითვალისწინებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებიდან ნებისმიერი ორი ან მეტი პერსონაჟის არჩევას და მათზე ამბის შეთხზვას პერსონაჟის ინდივიდუალური მახასიათებლების შენარჩუნებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ კონკურსის გავრცელებაში სიამოვნებით დაგვთანხმდა Facebook-ზე არსებული რამდენიმე ჯგუფი: “Be Active!”  “სხვა გალაქტიკა” „კარცერი ლუქსი“  „მხიარული სამყარო“  „ოცნება და რეალობა“ „გვერდი რომანტიკოსებისათვის“.  ბევრმა გამოთქვა  მონაწილეობის სურვილი. ზოგმა  გვაცნობა კიდეც, რომ უკვე შერჩეული ჰყავს პერსონაჟები და დაიწყო წერა.  სულმოუთქმელად ველით კონკურსანტების ნამუშევრებს.

დავწერეთ რეცენზია დათო ტურაშვილის წიგნზე „ტიბეტი არ არის შორს“. იგი დაიწერა სრულიად ექსპრომტად. ამ კვირაში, როცა დავიწყე „ტიბეტის“ კითხვა, უნივერსიტეტში ერთ-ერთ ლექციისთვის დასაწერი მქონდა შემოქმედებითი წერა. რატომაც არა-მეთქი და გადავწყვიტე ზემოთ აღნიშნულ წიგნზე დამეწერა და საბოლოოდ ეს რეცენზია გამოვიდა. დაწერის შემდეგ 2 დღეში მისი წაკითხვაც მომიწია აუდიტორიის წინაშე. მეგობრები, რომ გაიგეს ჩემი შემოქმედებითი წერის თემა, დიდი სიამოვნებით მისმენდნენ. ესეც ერთგვარი პოპულარიზაცია გამოვიდა. ერთმა მეგობარმა წამართვა კიდეც წიგნი და აი, უკვე რამდენიმე დღეა არ მიბრუნებს😀 

მგონი, სულ ესაა… ახლა ვიქტორინისთვის ვემზადებით და მესამე კვირის მიმოხილვა უფრო საინტერესო იქნება🙂