27 მაისს, თბილისის წიგნის XIV  საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეს ჩვენმა გუნდმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სცენაზე ჩაატარა შეჯიბრი სწრაფ კითხვაში  იქ მყოფ ბავშვებს შორის. შეჯიბრს მშობლებიც დაესწრნენ და ბევრი მათგანი აქეზებდა ბავშვებს  მონაწილეობის მიღებაში.

შეჯიბრის დაწყებამდე დავარიგეთ პატარა მოსაწვევები შემდეგი ტექსტით: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტის „წიგნების თაობა“ ფარგლებში არსებული გუნდი Amate Librum   გიწვევთ შეჯიბრზე.

დღეს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას (წერეთლის 118) მე-11 პავილიონში, წიგნების ფესტივალზე ჩატარდება შეჯიბრი სწრაფ კითხვაში.  გელით მონაწილეობის მსურველებს მე-11 პავილიონში 11 საათზე.

გამარჯვებულს  უფლება ეძლეოდა აერჩია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ნებისმიერი წიგნი, რომელსაც მოგვიანებით გადავცემდით. ასევე, ყველა მონაწილეს დავურიგეთ 25%-იანი ფასდაკლების ბარათები.  ბავშვები შეჯიბრის დამთავრებისთანავე ესტუმრნენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდს და შეარჩიეს თავისი სასურველი წიგნები.

შეჯიბრის საუკეთესო სამეული იყო: სალომე მდივნიშვილი, საბა სიხარულიძე და ქეთევან ქემოკლიძე.

საბოლოო გამარჯვებული კი ქეთევან ქემოკლიძე გახდა.

მან ჯილდოდ აირჩია გეოგრაფიის ენციკლოპედია და მსოფლიო ატლასი. გამარჯვებულს წიგნს რამდენიმე დღეში გადავცემთ.